ბიზნესისა და ლიდერობის სამყაროში არსებობს გავრცელებული აზროვნების სტილი, რომელიც ხშირად აფერხებს პროგრესს: ეს არის "Try Guy" სინდრომი. ეს არის შეუმჩნეველი, მაგრამ დესტრუქციული მიდგომა, როდესაც ადამიანები, ან გუნდები ცდილობენ რაღაც ახლის დაწყებას ნახევარი ძალისხმევით და ნულოვანი პასუხისმგებლობით. ერთი შეხედვით, "ცდა" შეიძლება პროაქტიულად და უწყინრად ჟღერდეს - ბოლოს და ბოლოს, განა ცდა უკეთესი არაა, ვიდრე არაფრის კეთება? მაგრამ რეალურად, ასეთი მიდგომა ანგრევს ნდობას, ხელს უშლის ცვლილებების ინიციატივებს და ფლანგავს ძვირფას დროსა და რესურსებს.
რა არის "Try Guy" სინდრომი?
"Try Guy" სინდრომი. არის რაიმე ახლის "ცდა" მასში სრულად ჩართვის გარეშე. ეს აზროვნება ხშირად გამოიხატება ასეთი ფრაზებით: "მოდი, უბრალოდ ვცადოთ ეს პროცესი და ვნახოთ, რა გამოვა." "ამ ახალ სისტემას შევეცდები, მაგრამ არაფერს გპირდები." "გავტესტავთ ამ სტრატეგიას და დანარჩენს მერე გავარკვევთ."
მართალია, ეს ფრაზები შეიძლება უწყინრად ჟღერდეს, მაგრამ ისინი სრული ჩართულობის ნაკლებობაზე მიუთითებენ. ასეთი მიდგომა ინიციატივებს წარუმატებლობისთვის წირავს, რადგან გუნდები პირველივე სირთულის შემთხვევაში მზად არიან, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ასევე იქმნება პრეცენდენტი, რომ რაღაც მცდელობამ წარმატება არ მოიტანა, ხოლო როდესაც მეორედ ეცდები გუნდს ექნება არგუმენტი, რომ შენ უკვე სცადე და არ გამოვიდა.
რატომ არის ეს სინდრომი საზიანო?
1. აფერხებს წარმატებას
სრული ძალისხმევისა და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია იმის შეფასება, რეალურად მუშაობს თუ არა ახალი ინიციატივა. წარუმატებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს არა იმით, რომ პროცესი ან სისტემა ხარვეზიანია, არამედ იმით, რომ მას არასდროს მისცემია სრულფასოვანი ადაპტაციის შანსი.
2. ფლანგავს რესურსებს
ახალი სისტემის ან სტრატეგიის დანერგვას სჭირდება დრო, ენერგია და ხშირად ფული. ჩართულობის ნაკლებობა ფლანგავს ამ რესურსებს და გუნდები რჩებიან დაუსრულებელი მცდელობების ციკლში.
3. ანგრევს ნდობას
როდესაც ლიდერები ან გუნდები მუდმივად "ცდიან" და შემდეგ თავს ანებებენ ინიციატივებს, ეს გზავნის სიგნალს, რომ მათ აკლიათ რწმენა. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება შეარყიოს ნდობა და მორალი ორგანიზაციაში.
როგორ უნდა დააღწიო თავი ამ სინდრომს?
გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ "ცდა" ჩავანაცვლოთ "კეთებით". ეს ნიშნავს ახალი სისტემის, სტრატეგიის ან პროცესის სრულად მიღებას და მის ბოლომდე მიყვანის ვალდებულების აღებას - მაშინაც კი, როცა სიტუაცია რთულდება. აი, პრაქტიკული ნაბიჯები ამ ცვლილების განსახორციელებლად:
1. ამოიღე "ვცდი" შენი ლექსიკონიდან
ენა აყალიბებს აზროვნებას. ფრაზები "ვცადოთ ეს" ჩაანაცვლე "ვაკეთებთ ამას". ეს მცირე ცვლილება აძლიერებს საქმის ბოლომდე მიყვანის განზრახვას.
2. დააწესე მკაფიო მოლოდინები
ახალი ინიციატივის დაწყებამდე განსაზღვრე, როგორი იქნება წარმატება და ნათლად გააცანი ეს სხვებს. გუნდები უფრო მეტად ერთვებიან, როცა ესმით მიზნები და ეტაპები.
3. მოემზადე გამოწვევებისთვის
თავიდანვე აღიარე, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივის პირველი კვირები ან თვეები რთული იქნება. ეს გამოწვევები მიიღე როგორც პროცესის ნაწილი და არა როგორც თავის დანებების მიზეზი.
4. წარმოადგინე ლოგიკური გეგმა
სკეპტიციზმი ხშირად "მცდელის" სინდრომის მამოძრავებელი ძალაა. ამის დასაძლევად შექმენი დეტალური გეგმა, რომელიც ხსნის ცვლილების მიზეზებს და მოსალოდნელ სარგებელს. ადამიანები უფრო მეტად ერთვებიან, როცა ხედავენ ინიციატივის ლოგიკას და ღირებულებას.
5. გადააფასე სრული დანერგვის შემდეგ
მიეცი ახალ სისტემას ან პროცესს გონივრული საცდელი პერიოდი - ორი თვე ან მეტი - სანამ შეაფასებ მის ეფექტურობას. თუ სრული ძალისხმევის შემდეგაც არ მუშაობს, მაშინ გადადი სხვა მიდგომაზე.
Commentaires